9 კარი ( კარი I )

უკვე  დამალულიყო მზე მთების კალთაში,როცა საკმაოდ მაღალ ყანაში რაღაც შრიალი დაიწყო,შემდეგ  უფრო აჩქარდა, სვლას უმატა და ბოლოს  პატარა რუს პირას კიდევ  უფრო  პატარა ბერიკაცი გამოჩნდა. ლურჯი და ხშირად დახეული შარვალი ეცვა,არ გეგონოთ  უყურადღებო ყოფილიყო. პირიქით, შარვალს ეტყობოდა როგორი გულმოდგინებით შეეკეთებინა მზრუნველ ხელს.სავარაუდოდ  მოხუცის მეუღლის ნამუშევარი უნდა ყოფილიყო. შარვალის აკეცილი ბოლოები მოხუცის  დაჩეხილ ქუსლებსაც  ადვილად შესამჩნევს ხდიდა. ბერიკაცს ფეხზე ადგილ-ადგილ  შეხმობოდა სისხლი,რომელიც ყანაში ხეტიალის შედეგი იყო. ტანს გრძელი სიფრიფანა პერანგი უფარავდა,ვერც ეს უკანასკნელი გადარჩენოდა დროის მსახვრელ ხელს და საკმაოდ შელახულიყო.მოხუცი რუს პირას ჩამოჯდა ,თავსაფარი მოიძრო და ანკარა  წყალში გაავლო. უკვე გაგრილებული ნაჭრის ნაგლეჯი  ჯერ სახეზე მოისვა, შემდეგ კი შრომისგან გათანგული კისერიც დაისველა. სახის ჩამობანის შემდეგ უფრო შესამჩნევი გახდა ის წლები, რომელიც ასე მკაფიოდ აღბეჭდილიყო ბერიკაცის სახეზე.  ჩაკარგულ თვალებში მაინც შესამჩნევი იყო ის ტანჯვა -წამებით განვლილი გზა, რასაც მოხუცის წარსული ერქვა. ქათქათა წვერი ჰქონდა,სხვებს რომ აქვთ შევერცხლილი ისეთი კი არა,  სულ მთლად ქათქათა,თოვლივით.  მოხუცმა გაგრილება რომ დაასრულა, წამოდგა და იქვე დამალული წუღები მოიძია. ღიმილის მომგვრელი იყო, რამდენად საგულდაგულოდ შეენახა ბერიკაცს ისინი . თითქოს ამ დაკონკილ ფეხსაცმელს ყოველი მხრიდან შემცილებელი ჰყავდა ჩასაფრებული. მოხუცმა წუღები ჩაიცვა,  თუმცა კი ჯერ წელში მოხრა გაუჭირდა,შემდეგ გასწორება. პატარა რუს გადააბიჯა და  ასწლოვან მუხებს შორის არსებულ ოღროჩოღრო გგზას გაუყვა. გზაზე მიმავალი იხსენებდა ყველაფერს, რაც თვითონ გადახდენოდა. გამორჩეულად  იმას, რაც ჩვეულებრივ არ ახსოვდა,თუ განსაკუთრებით არ დაძაბავდა გონებას. ხანგრძლივი სიარულის შემდეგ სოფელი გამოჩნდა,სადაც საკმაოდ მდიდრული სახლები იწონებდნენ თავს.ბერიკაცმა მათ ისე ჩაუარა,  ერთხელაც არ ჩაუხედავს თვალებში არცერთი მათგანისთვის   და მოშორებით  მდგომი ქოხისკენ გაეშურა. ხის ფიცრულისთვის კარის მოვალეობა ტილოს სქელ ნაჭერს შეათავსებინა.ბერიკაცმა დაკონკილი ნაჭერი გასწია,თუმცა  ოჯახური კერის ნაცვლად, ბნელ ოთახში ამოყო თავი. მოხუცს ცუდი მხედველობა ჰქონდა ამიტომ ჩვეულებრივზე უფრო გაუჭირდა ოთახში საგნების გარჩევა,ხელის ფათურით მოიძია საგნები  სიბნელეში და თავისდა გასაოცრად მარტივად აღმოაჩინა ხის პატარა სკამი,რომელიც ბავშვობასა და ბაბუის ტკბილ ზღაპრებს აგონებდა. ეს ერთგული სამფეხა სკამი 60  წელი ემსახურა პატრონს,ამიტომ ბერიკაციც მიენდო სიყრმის ძმობლის და დაღლილი დაეშვა მასზეil_340x270.706080674_kayt.

Leave a comment