9 კარი ( კარი II )

ალაგ-ალაგ შეთეთრებული მესერის მიღმა თუ შეიხედავდით, ადვილად შეამჩნევდით პატარა სახლს, რომელსაც ჰყავს  ბევრი მცხოვრები და მხოლოდ ერთი დიასახლისი.  დედაკაციც, როგორც შეშვენის, სულ ჯაფაშია,თავის მოსაწონადა და მეზობელი ჭორიკანა ქალების გულის გასახეთქად მუდმივად ყველაზე ქათქათა სარეცხი აქვს. ხუთი შვილის სახელი ხანდახან თვითონაც ერევა, თუმცა ვერ გაამტყუნებთ, უკაცო ოჯახში ორივე სქესის წარმომადგენლის როლი აქვს შეთავსებული. ამდენი შრომის მიუხედავად, წონის ნაკლებობას არ უჩივის, რაც უთუოდ მრავალშვილიანობის ბრალი უნდა იყოს. თმას მუდამ შეკრულს  ატარებს. ,,იაფფასიანი სამაგრებით ჩამაგრებული ბალნის უმიზნო გორგალი’’ -სწორედ ასე მოიხსენიებს დედაკაცი საკუთარ თმას. ერთადერთი რის გამოც ამ ,,გორგალისგან’’ არ გათავისუფლდა, დედაკაცთა დაუწერელი კანონია, რომლის მიხედვითაც დიაცს გრძელი თმა უნდა ჰქონდეს, თორემ სხვა მხრივ მხოლოდ და მხოლოდ ზედმეტ საზრუნავს წარმოადგენს ეს გრძელი ნაწნავი მისთვის. ქმარი სამშობლოს შესწირა, ახალგაზრდობა კი დარჩენილ ოჯახზე ზრუნვას. დიდი დაკვირვება არ სჭირდება ხელებზე გადამძვრალი კანი და კოჟრები რომ შეამჩნიოთ, ეს ცოდვა,  სავარაუდოდ, სარეცხის უდიდეს გორას ადევს კისერზე. სხვათა შორის, ამ გორას ერთი საოცარი თვისება აქვს, რამდენიც არ უნდა დარეცხო არასდროს პატარავდება, რადგან ანცი ბავშვები მუდმივად ახერხებენ მის განახლებას. ისიც იზრდება და იბერება. ხოლო ამის პარალელურად დედაკაცის ხელებზე კოჟრები, ხოლო სახეზე დაღლილობის კვალი მატულობს.  ამ სახლში კიდევ ერთი უზარმაზარი ქვაბია, რომელშიც საჭმელი დღეში სამჯერ კეთდება, რადგან დილით  გაკეთებული კერძი რაღაც ამოუცნობი ძალის მეშვეობით შუადღისას ქვაბიდან უკვალოდ ქრება. ამ ძალას შიმშილი ქვია, არცაა გასაკვირი, რადგან ერთი მზარეულის მიერ გაკეთებულ კერძს ხუთი მშიერი ბავშვი და ორი მოხუცი მოელის. კერძების უცვლელი ავტორიც ყოველ ჯერზე თავიდან იწყებს მის მზადებას. იმ შემთხვევაში თუ რაიმე შემოაკლდა, თავად უხდება სოფლის ბოლოში არსებულ მაღაზიაში ჩასვლა, ესეც შვილების მეტი სიყვარულით მოსდის, არ უნდა, ამხელა გზაზე სიარულით დაღალოს ვაბშვები. აი, ამ წუთასაც სოფლის ტალახიან გზას ადგას, ძველმანებში გამოხვეული, თუმცა ყველაზე ბოროტი ენაც ვერ იტყვის, რომ დედაკაცს უსუფთაოდ აცვია. ჩანს, რომ წლების წინ ნაყიდი სამოსი მზრუნველი პატრნონის ხელში ასაკთან შედარებით კოხტად შემონახულა. თვალებთან იმდენი ნაოჭი აქვს დედაკაცს, დათვლისას შეიძლება აგერიოთ კიდეც, დამსკდარი ტუჩები და თხელი მოგრძო ცხვირი მაშინვე განიშნებთ პატრონის ფუფუნებას მოკლებულ ყოფაზე, დაღლილი თვალები, რომელთა ქვევითაც შავ ფერს სამუდამოდ დაედო ბინა, არაფერს ეუბნებიან მზერის ობიექტს. ხანგრძლივი ლასლასის შემდეგ გამოჩნდა მაღაზია,რომლის დანახვამაც იმდენად დიდი სიხარული მოჰგვარა დიაცს, მოგვიანებით თავადაც კი გაუკვირდა. მივიდა რკინის კართან, რომელიც ყოველთვის რთული გასაღები იყო და მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც მთელი დღის შრომისა და კილომეტრების გავლის შემდეგ გიწევდა მისი გახსნა. კარი გაიღო თუ არა, ქალი ამოუცნობმა სიბნელემ შთანთქა. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და ფეხი რაღაცას წამოჰკრა, ცოტაც და წაიქცეოდა, მაგრამ მოძებნა ძალა და თავი შეიკავა.ბოლოს მიხვდა, რომ ნივთი, რომელიც წამის წინ მის წაქცევას ლამობდა, უვნებელი სკამი იყო. თავისდა გაუაზრებლად სკამი გაასწორა და მასზე დაღლილ-დაქანცული დასვენებისა და ნოქარის წუთი-წუთზე გამოჩენის იმედით ჩამოჯდა.mom

Leave a comment